Feeds:
ჩანაწერები
Comments

რადგან ადამიანებს ჯერ კიდევ ჯერათ სიტყვების, რომლებსაც
ეუბნებიან მათ,
ჯერ კიდევ ჯერათ სიტყვების, რომლებსაც ამბობენ თვითონ,
რჩება იმედი, მეგობარო, ერთხანს გავგრძელდეთ ხმად,
გავგრძელდეთ მერეც, როცა დაგვტოვებს სითბო
და წავალთ არსად. ბნელ მოსახვევში მიიკარგება ექო
ჩვენი სიცილის, ნაბიჯების. არსად დარჩება ჩვენი ტუჩების კვალი.

ზვიად რატიანი

ამბობს, რომ ერთმანეთი ბიბლიოთეკაში გავიცანით. არც იტყუება. 2007 წლის 20 აპრილის ღამეს ლიტ. ფორუმს არ ეძინა. მეორე დღეს “წეროს” გამარჯვებულებს გამოავლენდნენ და თან, რამდენიმე ფორუმელი პირველად შეხვდებოდა ერთმანეთს “რეალში”. ყველას კარგი ამინდი უნდოდა, მხოლოდ ერთმა იუზერმა დაწერა, ნეტა მოწვიმდესო. ” ვინაა აი აბდალი”-მეთქი, გავიფიქრე. ავატარზე დიდყურებიანი მწვანე კაცუნა ეხატა (იოდა რქმევია, მერე გავიგე) და Paranoid Android-ის სახელით პოსტავდა. 

მეორე დღეს არ წვიმდა. “წეროს” გამარჯვებული ნათია ნაცვლიშვილის “ცოლების საკითხავი” გახდა. წვიმისმოყვარული იუზერი მეტად კომუნიკაბელური აღმოჩნდა და ლამის ფორუმის ნახევარი გამაცნო საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის წინ. მერე აღმოჩნდა, რომ ფეხით სიარული “ნაყვარება” და რამდენიმე ფორუმელთან ერთად წავედით ვაკისკენ. ზვიად რატიანი რომ ვიყო, ამ ემოციას ასე აღვწერდი: მე კი ვიყავი 17 წლის, უწარსულო და ვერ ვხვდებოდი, რომ სულ ესაა ბედნიერება, რამდენიმე თბილი ფერის იღბლიანი შეხამება, სხვა არაფერი.

ასე ვიმეგობრეთ რამდენიმე წელი, ვიარეთ ფეხით წვიმაში, მზეში, ქარსა და ყიამეთში პოეზიის საღამოებზე, პროზაული კრებულების პრეზენტაციებზე, “წეროზე”, ვითამაშეთ ინტელექტუალური თამაშები, ვსვით ლუდი ხევსურულ საღამოებზე (მე ვსვი, უფრო სწორედ), ვითვალეთ ვარსკვლავები ” არტგენზე”, გამაცნო და შემაყვარა რჟევსკის ხუმრობები, “კასაბლანკა”, ბრედბერი, ბორის გრებენშიკოვი, ნატო დავითაშვილი, ზურაბ ქარუმიძე… და საერთოდ, 2007-2015 წლებში წაკითხული წიგნების უმრავლესობა მისი ბიბლიოთეკიდან იყო.

ერთხელ, ავარიაში მოვყევი და ტვინი შემერყა. მაშინ მომწერა: “დიანას ტვინის შერყევა ქორწინებით დასრულდა და იქნებ, შენს შემთხვევაშიც რაიმე კარგის წინაპირობა იყოსო”. ჭკუაში დამიჯდა ეგ წინადადება და იმ წელს რომ არაფერი მოხდა, იმდენი მოვახერხე, ორი წლის მერე ისევ მივიღე ტვინის შერყევა. ამჯერად, ყველაფერი ქორწილით დასრულდა.

10998408_1030468140303829_7329139929278633646_n

4 ოქტომბერს 1 წელი გადის, რაც ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. შეიძლებოდა, ეს პოსტი მანამდე შემენახა, მაგრამ… მაგრამ, ერთხელ ნოდართან ერთად ბგ-ის კონცერტს ვუსმენდი და ველოდებოდი ” ადელაიდას”, რომ მისთვის თავი მხარზე დამედო. ბორიამ ეგ სიმღერა არ იმღერა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ უნდა გადადო შემდეგი წუთისთვის ის, რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია.

ამ 8 წლის განმავლობაში ბევრი საერთო ნაცნობი და მეგობარი დაგვიგროვდა. ყველას უყვარს ნოდარი ^_^ როცა ვინმეს უჭირს, სულ ვეუბნები, რომ მისწეროს ან დაურეკოს, თუნდაც იმ ცუდ ამბავზე არ ელაპარაკოს. მჯერა, რომ ისინი მასთან საუბრით უკეთ გახდებიან. “მაი აფერია”- მიმეორებდა ყოველი იმედგაცრუების მერე. ახლა კი, ერთად ვუმკლავდებით სიძნელეებს, გურული მჭადის ტაფიდან არეკვა იქნება ეს თუ მუცელში მყოფი ბავშვის იმაში დარწმუნება, რომ შემოხვეული ჭიპლარისგან თავი დაიხსნას. ჰო, მართლა, ასე, თვენახევარში, ატიკუსა შემოუერთდება ჩვენს მხიარულ ოჯახს.

შეიძლება, ეს პოსტი ძალიან პირადულად ჩათვალოთ და გაიფიქროთ, პირდაპირ ქმრისთვის აეხსნა სიყვარულიო, ჩვენ რა შუაში ვართო. მაგრამ ასე მგონია, რომ პოზიტივი უნდა გაზიარდეს (თან პირველად კი არ ვუხსნი სიყვარულს ამ ბლოგით).

გურამ პეტრიაშვილის ზღაპარში, წვიმის მოყვარული კი არადა,  ” ახირებული კაცი” რომ ანათებს, ეგაა ნოდარი, ოღონდ თვითონ არ იცის ეს. ჰოდა, მეც იმ ქალივით ვფიქრობ, რომ თუ ერთად ვიქნებით, ბავშვებიც მასავით მანათობლები იქნებიან, დავიხურავთ ნაირფერ აბაჟურებს, ვირბენთ ერთი ოთახიდან მეორეში და ჩვენს სახლზე კარგი სანახავი არაფერი იქნება ამ ქვეყანაზე.

“ხუთისაა სანდრო და გუშინ დავთვალეთ, ამ სამ წელიწადში ნახა 15 სამეცნიერო მუზეუმი, 5 ხელოვნების და ისტორიის, 3 ზოოპარკი, ორი ბოტანიკური, სამი ატრაქციონების ცენტრი, ოცი დიდი ქალაქი. ამათი შვილიშვილები მთვარეზე ივლიან ალბათ.” ჩვენ ვეცნობით ჩვენი დროის მიღწევებს, მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ვმონაწილეობთ ახლის შექმნის პროცესში და სანდროს დედის მსგავსად ვცდილობთ, გამოვიცნოთ, როგორი იქნება ჩვენი შვილების მომავალი.

1951 წელს რეი ბრედბერიმ კიდევ ერთხელ დაგვიხატა მომავლის სურათი მოთხრობების კრებულში  “ტანმოხატული კაცი”, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან მკითხველს შეუძლია  ქართულ ენაზეც წაიკითხოს. (გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”). წიგნის მთავარი გმირი ადრეული სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ტანმოხატულ (და არა ტატუირებულ) კაცს ხვდება, რომელიც უყვება, რომ მომავლიდან მოსულმა კუდიანმა მას სხეული მომავლის სიუჟეტებით მოუხატა. ღამღამობით ნახატები მოძრაობენ  და სხვადასხვა ისტორიებს უამბობენ მნახველებს.

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვქონია ისეთი შემთხვევა, როცა დილით საწოლიდან ადგომა გვეზარება და ვნატრობთ, რომ ლოგინი თვითონ ალაგდეს, სახლი დალაგდეს, საჭმელი მომზადდეს, ბავშვებს ვინმემ ჩააცვას და ძილის წინ დაუნანავოს კიდეც. ზემოხსენებული წიგნის პირველი მოთხრობა “სავანა” ჰადლების ოჯახზე გვიყვება, რომლებმაც 30 ათას დოლარად მოიწყვეს ასეთი “ბედნიერი სახლი”, სადაც მათ ნაცვლად ტექნიკა  მოქმედებს. თითქოს, ასეთ გარემოში ისინი ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, მაგრამ უფროსები თანდათანობით ხვდებიან, რომ ზედმეტად არიან დამოკიდებული უსულო საგნებზე, აშინებთ მათთან კონკურენცია და უსარგებლოდ გრძნობენ თავს საკუთარ სახლში. ფსიქოლოგის რჩევით, ისინი, შვილების, 10 წლის ვენდის და პიტერის აგრესიის მართვას სპეციალური ოთახით შეეცდებიან, რომელიც მათ ფანტაზიის განვითარებაში და “ნევროზის ჯანსაღი გზით დაძლევაში” უნდა დაეხმაროს. ბავშვებს შეუძლიათ თავიანთ ოთახში სამგანზომილებიანი კედლების მეშვეობით  აღმოჩნდნენ იმ სიტუაციაში, რომელსაც ჩაიფიქრებენ, მაგალითად ელისის საოცრებათა ქვეყანაში. და როცა მამა მათ ნიუ-იორკში კოსმოსური ხომალდით გაფრენას აუკრძალავს, ისინი შურისძიებას აფრიკის სავანის მეშვეობით ცდილობენ…  ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, თქვენ დაეკითხებით საკუთარ თავს, ტექნიკა გემსახურებათ თქვენ თუ პირიქით, ხომ არ ხართ ზედმეტად დამოკიდებული მასზე. შესაძლოა, შეხვიდეთ ბავშვების ოთახში და მათთან ერთად ააწყოთ ლეგოს სათამაშოები ან დააცხოთ მაჭკატები.

“მარსის ქრონიკების” მსგავსად “ტანმოხატული კაციც” გაჟღენთილია კოსმოსში ან სხვა პლანეტაზე მყოფი ადამიანების მხრიდან დედამიწის ნოსტალგიით, რომლებიც იმ მშვიდობას და სიწყნარეს დაეძებენ, რაც თავიანთ მხარეში ვერ იპოვეს. აი, “კოსმონავტი” კი გვიყვება ისტორიას იმაზე, თუ როგორ ცდილობს ერთი დედამიწელი, თავი დაირწმუნოს იმაში, რომ მისი ადგილი დედამიწაზეა და მისი ოჯახი ერთადერთი ღირებული რამ მის ცხოვრებაში, მაგრამ “ორიონის ნატიფი ელვარება” ისევ კოსმოსისკენ უხმობს. იმის გამო, რომ თვეობით არ არის შინ,  შუა აგვისტოში მას ცოლი მადლიერების დღეს მოუწყობს, ამასთანავე ის საკუთარ თავს აჯერებს, რომ მისი ქმარი 10 წლის წინ გარდაიცვალა, რადგან ასე უფრო უმტკივნეულოა. “შემდეგ ჯერზე სამუდამოდ დავბრუნდები” – ჰპირდება მამა შვილს და  თან სთხოვს, რომ არასდროს გახდეს კოსმონავტი. მოთხრობის დასასრული ისეთი ლამაზია, აჯობებს, თუ თავად წაიკითხავთ.

“მანათობელი ბურთები” გვიყვება უსხეულო არსებების შესახებ, რომლებმაც აზრი და სული გაათავისუფლეს სხეულისგან, შესაბამისად ფიზიკური ტანჯვა-წამებისგან, სიკვდილისგან, იქცნენ მანათობელ ბურთებად და მოიპოვეს სიმშვიდე და ბედნიერება. “სამყაროს უკანასკნელი ღამე” – ალბათ, ხშირად გიფიქრიათ რას გააკეთებდით, რომ გცოდნოდათ სამყაროს აღსასრულის თარიღი. ამ მოთხრობის გმირებმა იციან, ერთმანეთს ემშვიდობებიან და საწოლიდანაც კი დგებიან იმის გამო, რომ მოშვებული ონკანი გადაკეტონ.

“პირიქით” ამ წიგნის ყველაზე ოპტიმისტური მოთხრობაა. 1965 წელს მარსზე გადმოხვეწილი შავკანიანები 20 წლის შემდეგ თეთრების კოსმოსურ ხომალდს ელოდებიან. ისინი გეგმავენ, რომ შური იძიონ წარსული დამცირებებისთვის. “თეთრებისთვის, ცალკე განყოფილება” – ასეთი წარწერები ჩნდება შავი ხალხის მარსზე.  მაგრამ თეთრი კაცი “თეთრი დროშით” მოდის. დედამიწაზე გაჩაღებულ ატომურ ომს ხუთასი ათასი ადამიანიღა დაუტოვებია დედამიწაზე. “დაგვეხმარეთ სიცოცხლის გაგრძელებაში. ჩვენ, ყველანი – ჩინელები, ინდოელები, რუსები, ბრიტანელები და ამერიკელები – ღვთის წინაშე ვაღიარებთ ჩვენს სისულელეს და ბოროტებას და შეფარებას გთხოვთ.”

მოკლედ, ერთ თბილ საღამოს თქვენც შეხვდით ტანმოხატულ კაცს და თვალი არ მოაცილოთ მის სხეულს.

“რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ასე დავიწყოთ.” ჰოდა, ადრიანად აცივებული შემოდგომის დილით ჩაის ფინჯანზე რომ ვითბობდი ხელებს, ფილოლოგი დედის და მისი ენაკვიმატი შვილის დიალოგს შევესწარი. საუბარი ქიმიის გაკვეთილზე თვალსაჩინოებების სიმრავლის აღნიშვნით დაიწყო და გაგრძელდა “ტვინის შტურმით”, რა მოხდება, თუ ქართულის გაკვეთილზეც ასე ჩართავენ მასწავლებლები შესასწავლ მასალაში აღწერილ ნივთებს. გთავაზობთ რამდენიმე იდეას:

– დავუშვათ, დღის თემაა “კაცია-ადამიანი?!”. მასწავლებელს შეუძლია კლასში შესვლისას ზეპირი გამოკითხვის საშუალებით გაარკვიოს ვინ მაძღარია და ვინ – მშიერი, შემდეგ ჩამოატაროს ჩიხირთმა და ბოზბაში, რომ ხმათა უმრავლესობით ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს,  რომელი სჯობია! ამავე საშუალებით შესაძლებელია იმის გარკვევა, ორაგულია თევზების მეფე თუ თართი.

– ანტიოქიის პალეკარტი და ასტამი. (თვალის დაბუშტვა მიზანშეწონილი არ არის).

– ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, რომ თითქმის ყველა სკოლის შენობის წინ სახელმწიფო დროშაა აღმართული. აი, მის ნაცვლად ერთ დღესაც  ხოხბისფერი საწმერთული რომ აფრიალდება, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ “მე-11 კლასი “დიდოსტატის მარჯვენას” სწავლობს”.

– მეფე გიორგის კბილი. Vardisakhari knows what I mean!

– ქავზე მიკრული მარჯვენები და ერთი გამოტოვებული ადგილი, წარწერით “აქ შეიძლებოდა ყოფილიყო მუცალის მარჯვენა”.

– დათვს შემოიყვანენ  საკლასო ოთახში და ჯერ გალანძღავენ, მერმე ცულით გაუჩეხავენ თავს. ვნახოთ, რომელი უფრო მალე მორჩება.

– ოქროს კალმახების მსგავსი ძუძუები. (კი დავგუგლე, მარა ვერ ვიშოვე შესაფერისი ფოტო)

– ოთარაანთ ქვრივის 5 ქისა და სარი, რომელზეც წამოეგო გიორგი.

– ხვარზამშას ძის თავგაჩეხილი გვამი და ტარიელის ნაჩუქარი რიდის კიდე.

– ურემი. (ურმის სცენის გაცოცხლება მიზანშეწონილი არ არის. სკოლაა მაინც).

– შიოლაშვილების წიწაკა, ნაცრიკვერაანთისას კი არა, მეორეებისა.

აგრეთვე, კარგი იქნებოდა სასწავლო პროცესში ჩაგვერთო Doctor Who. წარმოიდგინეთ  მოსწავლეების და მშობლების აღტაცება, როცა გაიგებენ, რომ მხოლოდ თქვენს სკოლაში მუშაობს ადამიანი, რომელსაც დროში გადაყავს ბავშვები. მაგ. “ფიქრნი მტკვრის პირას” სწავლის დროს მოსწავლეები მტკვრის პირას ჩამომჯდარ ტატოს უმზერენ ან როსტევანივით ხედავენ მტირალ უცხო მოყმეს, ცდილობენ ხელი შეუშალონ გალაკტიონის გადახტომას აწ უკვე დანგრეული, აღარარსებული ლეჩკომბინატის შენობიდან. ერთხელ და სამუდამოდ გაარკვევენ, ვინ წერდა ელენე დარიანის სახელით.

გისურვებთ წარმატებებს და შედეგები არ გამოგვაპაროთ!

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ვალოდია როგორი მოსაწყენია. ის ეჭვიანობის სცენებსაც კი მართავს…რა განსხვავებაა მეეტლესა და მაიაკოვსკის შორის? პირველი მართავს ცხენებს, მეორე – რითმებს” – ამბობდა ლილი ბრიკი. ჰო, ის ქალი, მაიაკოვსკიმ ლილია რომ შეარქვა და ბეჭედი აჩუქა, წარწერით ЛЮБ,  წრეზე შეუწყვეტლად იკითხებოდა “люблюлюблюлюблю”. “მოსაწყენი ვალოდია” მას წერილის მაგიერ ისეთ ლექსებს უწერდა, დღესაც რომ აქარვებს მოსაწყენ დღეებს. 1916 წლის 26 მაისს პერტოგრადში ეს ლექსი დაიწერა:

ЛИЛИЧКА!

Вместо письма

Дым табачный воздух выел.
Комната —
глава в крученыховском аде.
Вспомни —
за этим окном
впервые
руки твои, исступлённый, гладил.
Сегодня сидишь вот,
сердце в железе.
День ещё —
выгонишь,
может быть, изругав.
В мутной передней долго не влезет
сломанная дрожью рука в рукав.
Выбегу,
тело в улицу брошу я.
Дикий,
обезумлюсь,
отчаяньем иссеча́сь.
Не надо этого,
дорогая,
хорошая,
дай простимся сейчас.
Всё равно
любовь моя —
тяжкая гиря ведь —
висит на тебе,
куда ни бежала б.
Дай в последнем крике выреветь
горечь обиженных жалоб.
Если быка трудом уморят —
он уйдёт,
разляжется в холодных водах.
Кроме любви твоей
мне
нету моря,
а у любви твоей и плачем не вымолишь отдых.
Захочет покоя уставший слон —
царственный ляжет в опожаренном песке.
Кроме любви твоей,
мне
нету солнца,
а я и не знаю, где ты и с кем.
Если б так поэта измучила,
он
любимую на деньги б и славу выменял,
а мне
ни один не радостен звон,
кроме звона твоего любимого имени.
И в пролёт не брошусь,
и не выпью яда,
и курок не смогу над виском нажать.
Надо мною,
кроме твоего взгляда,
не властно лезвие ни одного ножа.
Завтра забудешь,
что тебя короновал,
что душу цветущую любовью выжег,
и су́етных дней взметённый карнавал
растреплет страницы моих книжек…
Слов моих сухие листья ли
заставят остановиться,
жадно дыша?
Дай хоть
последней нежностью выстелить
твой уходящий шаг.

მერე ეს ლექსი ერთმა კარგმა ჯგუფმა ისეთ სიმღერად აქცია, ჩემს ზაფხულს რეფრენად რომ გასდევს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ  თქვენთვის უკვე ნაცნობმა ჩემმა მეგობარმა და მთარგმნელმა ანი კოპალიანმა ლიტ. ფორუმზე დაწერა:  “მთელი დღეა ერთ სიმღერას ვუსმენ და ოჯახის წევრებს ვუთხარი, რომ ეს თარგმნისთვის მჭირდება. ამასობაში, ორი სტრიქონი შემომეთარგმნა”.

საბოლოოდ, ანიმ ლექსი მთლიანად თარგმნა.

ლილიჩკას (წერილის ნაცვლად)

 

თამბაქოს კვამლი

ჰაერს გაერთხა

ოთახს _ ნაბოდვარს

შეშლილ პოეტის,

შენი ხელები

მახსოვს აქ ერთხელ _

გაშმაგებული აუთოებდი.

ახლა კი ზიხარ,

რკინა გაქვს მკერდქვეშ,

ჯერ დღეა,

როდის გამაგდებ, ველი.

მრუმე წინკარში

ჩემს თითებს ხეშეშს

აღარ დაეძებ

მთრთოლვარე ხელით.

წავალ,

ქუჩაში კინწისკვრით ვისვრი,

ჩემს თავს _

ნაწვალებს, ნაგვემს და ნაქელს.

კეთილო,

კარგო,

ნუ მერჩი ასე

და თუნდ ახლავე დავშორდეთ,

აქვე.

სულ ერთი არის!

ჩემი გრძნობის ტვირთმძიმე უღელს,

თავს ვერ დააღწევ. . .

და ამომსკდარს

მდუღარე ორთქლად,

გთხოვ, მოუსმინე,

რადგან კარებს ბოლოჯერ ვუღებ,

ხორხის სიღრმიდან ამოხეთქილ

ჩივილს და მოთქმას:

თუ როსმე ასე დაშვრებოდა შრომით კამეჩი,

ის დაუდებდა გაშლილ ზღვაში

სადარდელს საზღვარს;

მე კი შენდამი სიყვარული

ყელში გამეჩრა

და სიყვარულის შენის გარდა

ვერ მახრჩობს სხვა ზღვა.

მოისურვებდა დასვენებას

დაღლილი სპილო,

ფეხს ხონთქარივით მოირთხამდა

მდუღარე პლაჟზე.

მე კი, ვისთან ხარ

გაგებასაც კი აღარ ვცდილობ,

თუმც სიყვარულის შენის გარდა

ვეღარ მწვავს სხვა მზე.

თუ საყვარელი პოეტს ასე გააწვალებდა,

ის მას სახელზე, დიდებაზე, ფულზე

გაცვლიდა,

ხოლო მე, თუკი არ ჩამესმის

მგრგვინავ ზარებად

შენი სახელი,

სხვა სახელი ქვეყნად არც მინდა.

არც შხამს ვიგემებ,

არც გამოვცდი სიღრმეს უფსკრულის,

და ვერც ჩემს ფეხრთით

ნახავს ვინმე

დამბაჩის მასრებს;

მხოლოდ ერთ დანას მივცემ ნებას,

გამიპოს გული _

შენს წარბებქვემოთ გამოტყორცნილ

მზერის სიბასრეს.

ხვალ დაივიწყებ,

რომ დიდების დაგადგი დაფნა,

რომ ანთებულმა სიყვარულის

წყალობა გვედრე;

და თავბრუდამხვევ დღეთა რბოლა

სულ მალე დაფლავს

და დაანაცრებს

ჩემი წიგნის მშფოთვარე გვერდებს.

ჩემი სიტყვები _

გამომშრალი ფოთლების ნეშო _

ნეტავ თუ შეძლებს

დაგიცხროს ბრაზი?

ნება მომეცი, და ბოლოჯერ  გაგიფენ ფეხქვეშ,

მიმავალ ფეხქვეშ _

მთელს ჩემს სინაზეს.

 

P.S. მადლობა ვალოდიას, ლილიას, “სპლინს”, ანი კოპალიანს და ზღვას.

რამდენიმე წლის წინ, ჩემს მეგობარს ანი კოპალიანს ვთხოვე  გამოეგზავნა ლექსი, რომელსაც იმ დროს თარგმნიდა. მან მაია ანჯელოუს “ფენომენური ქალი” გამომიგზავნა. ეს სახელი და გვარი მაშინ პირველად გავიგე. მერე მისი ლექსები მოვძებნე, იმ ენებზე, რომლებზეც შევძლებდი კითხვას. ასე შემიყვარდა მაიას შემოქმედება.

 

მე ვამბობ:

ჩემი ქუსლების ჩქამი,

ან ჩემი თმების მბზინავი ბადე

ან ჩემი ხელის სუსტი მტევანი

ან შენი სწრაფვა _ ჩემზე ზრუნავდე _

ამხელს _

ქალი ვარ ფენომენურად,

ფენომენური ქალი

ეს მე ვარ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრში მუშაობისას “ჰარვარდ ბიზნეს რევიუს”  სტატიებს რომ ვეცნობოდით და ერთმანეთს ვაცნობდით “ხუთშაბათობებზე”, ამის შესახებ, ბლოგზე უკვე ვისაუბრე. ერთი ნომრის ანონსში რუბრიკაში “ცხოვრების სამუშაო” მაია ანჯელოუს  სახელი და გვარი რომ დავინახე, დანარჩენებს  ვთხოვე (ლამის მოვითხოვე),  რომ ამ ინტერვიუს შესახებ პრეზენტაციის მომზადება ჩემთვის დაეთმოთ.  საბოლოოდ, მაია მეც შემიყვარდა და თანამშრომლებსაც შევაყვარე.

10428868_717207771656056_161402013_n

ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტი მაია ანჯელოუ ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა ტრამვაის კონდუქტორად, მზარეულად, ოფიციანტად, მასწავლებლად, სამოქალაქო უფლებების დამცველად, მომღერლად, მსახიობად. 85 წლის ასაკშიც ატარებდა ლექციებს და ამბობდა, რომ  ის იმიტომ ითვლებოდა კარგ ამბების მთხრობელად, რომ ადამიანებს უყვებოდა უფრო მეტს მათ მსგავსებებზე და არა – განსხვავებებზე. ანუ, მან შეძლო უნივერსალური თემის პოვნა.  “როგორ უნდა შეადგინო ადამიანმა საინტერესო მოთხრობა? არსებობს ტერენციუსის ფრაზა: “მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არაა”. ეს თუ გააზრებული გაქვს და ეთანხმები, ესე იგი შენ შეგიძლია მოჰყვე ისტორია, შეგიძლია დააჯერო ადამიანები, რომ შენი პერსონაჟები მათნაირები არიან. ჯეკი და ჯილი მთაზე ავიდნენ, ერთი ჩამოვარდა, მეორეც უკან მოჰყვა. მსმენელი ფიქრობს “ოჰ, მეც ჩამოვვარდნილვარ, ასე რომ მესმის მათი”. ადამიანებს ესმით, რას განიცდიან სხვები, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან, რამხელები არიან, რა ენაზე საუბრობენ და როგორია იმ პერიოდის კულტურა. თუ შეგიძლია მოახერხო ის, რომ დაინახო ადამიანების მსგავსებები და არა განსხვავებები მათ შორის, მაშინ შენი ყველა ისტორია გასაგები იქნება.”

ჟურნალისტმა ჰკითხა: “თქვენ მთელ მსოფლიოში გყავთ  თაყვანისმცემლები. გარდა ისტორიების შეთხზვისა, რა არის გასაღები საზოგადოებებს შორის დაყოფის შესამცირებლად?”  ” შეიძლება იმიტომაც, რომ დიდ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამერიკელებს უცხო ენის სწავლა უჭირთ. მახსოვს, Porgy და Bess-თან ერთად ტურისას ზოგიერთ მომღერალს შეეძლო მშვენიერი არიები შეესრულებინა, მაგრამ ფრანგულად ან იტალიურად საუბრებს ვერ ახერხებდნენ. შენ უნდა იფიქრო: “აი, ადამიანები, რომლებიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მოდი, ვისწავლი”. “როგორ ხარ? მადლობა, კარგად. შენ? მე მცივა. მე მშია. სად შეიძლება კარგი სასტუმრო ვიპოვო? სად არის ბენზინგასამართი სადგური?” ადამიანები ზუსტად ამასვე ამბობენ ზაგრებში ან სხვა ქალაქში. მე არ მჯერა ადამიანებს შორის არსებული განსხვავებების. არ ვიცი რა უნდა ვუქნა ზებრებს ან ტარაკნებს, ან სპილოებს (არა, სპილოებს ვიცი რასაც ვუზამდი – მათზე დავჯდებოდი და ვისეირნებდი). მაგრამ თუ მე ადამიანების გარემოცვაში ვარ, რა კულტურაც არ უნდა იყოს ეს, მე მათ პატივს ვცემ. და მე მინდა რომ ჩემიანებსაც პატივს სცემდნენ.”

ინტერვიუში ჟურნალისტი ელისონ ბეარდი მაიას მისი ბოლო წიგნის “დედა, მე და დედა” შესახებ ეკითხება. ის ამბობს, რომ დედამისმა მას უპირველეს ყოვლისა, გამბედაობის ჩამოყალიბება ასწავლა. “მან მასწავლა თავისი სიმამაცით. მე გავაცნობიერე, რომ შეიძლება არ დაიბადო ამ თვისებით და შემდეგ განივითარო  მცირე მამაცი საქმეების ჩადენით. თუ ერთი შეაგროვებს 100 ფუნტ ბრინჯის ტომარას, მეორეს უნდა ურჩიო დაიწყოს 5 ფუნტით, შემდეგ 10 ფუნტი, 20 ფუნტი და ასე შემდეგ, სანამ იმდენად არ გაიზრდება მოსავალი, რომ შეავსოს 100 ფუნტიანი ტომარა. იგივეა სიმამაცესთან, შენ პატარა სიმამაცეებს ჩადიხარ, რომლებიც ითხოვენ გარკვეულ მენტალურ და სულიერ ძალისხმევას”.

მაიამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ  ლიდერის აუცილებელი თვისებაა, რომ მეორე ადამიანში ხედავდეს თავის თანასწორს და პატივი სცეს მის უფლებებს. ამ შემთხვევაში მოიპოვებს ის მოკავშირეებს. ის თვლიდა, რომ კარგი მენეჯმენტისთვის საჭიროა იყო სამართლიანი და გულახდილი; თქვა მხოლოდ ის, რაც ნამდვილად იცი, რომ მართალია და თან ისე, რომ ადამიანებმა მიიღონ. ეს არის კონსტრუქციული კრიტიკა (“მე ხშირად მეუბნებიან, რომ ვარ სასტიკად გულახდილი…”)

პოეტი კრიტიკოსების შესახებ: “მე ისეთ ასაკს მივაღწიე, როცა ბევრი ისეთი კრიტიკოსი, რომლის აზრსაც პატივს ვცემდი, უკვე სხვა სამყაროში გადავიდა, მაგრამ მე ვისწავლე ახალგაზრდა ადამიანების მოსმენა, ჩემი სტუდენტების, ან იმ ადამიანების, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ვხვდები. მართალია, მათგან ახალს არაფერს ვსწავლობ, მაგრამ ვიგებ, რომ ის, რაც სწორი მეგონა, ჯერ კიდევ სწორია”.

მაიამ ჟურნალისტს გაუმხილა, რომ ყველაზე მეტად ლექსების წერას განიცდის. “როცა მე იმას გამოვთქვამ, რაც მინდა, თავს მთვარეზე ვგრძნობ. თუნდაც, ეს ექვსი სტრიქონი იყოს, მე ვხსნი შამპანურს. მაგრამ, წერის დროს ძალიან ვღელავ. იმის მიუხედავად, რომ დიდ სახლში ვცხოვრობ, სასტუმროში ოთახი მაქვს დაქირავებული, სადაც დილის შვიდის ნახევარზე მივდივარ. იქ მაქვს სინონიმების ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ბიბლია, ყვითელი ფურცლების დასტა და კალმები. ყოველთვის ვაფრთხილებ მომსახურე პერსონალს, რომ ოთახს დალაგება არ სჭირდება. შუადღის პირველი საათის მერე სასტუმროს ვტოვებ და საწოლსაც არასდროს ვიყენებ. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ოთახში კარის ქვემოდან შემოცურებული წერილი მხვდება: “ანჯელოუ, გთხოვთ გამოგვაცვლევინოთ საწოლის თეთრეული, ალბათ უკვე ხავსი მოედებოდა”. ამ თხოვნას წერილითვე ვპასუხობ, რომელშიც ადმინისტრაციას ვატყობინებ, რომ ყველაფერი რიგზეა. როდესაც სასტუმროში მივდივარ, ვგრძნობ, რომ ჩემს სივრცეში ვხვდები. ის მე მელოდება. და ამ მომენტში, თითქოს სამყაროს რამდენიმე ნაბიჯით ვშორდები”. მან თქვა, რომ ფრთხილობს სიტყვებთან, რადგან იცის, რომ მისი ტვინი ამას იმახსოვრებს და უკან უბრუნებს. ამიტომ, არ იყენებს სიტყვათშეთანხმებას “შემოქმედებითი კრიზისი”.  ბავშობაში ბებიამისი ამბობდა ფრაზას: “ეს ჩემს პატარა გონებაშიც არ გამივლიაო”, მაიას ეგონა, რომ ორი გონება არსებობდა, პატარა და დიდი და პატარას თუ დააკავებდა, დიდამდე მიაღწევდა. ამიტომ,  “პატარა” გონებას სასტუმროში პასეანსის გაშლით აკავებდა, რომ ლექსები დაეწერა. ამ საქმიანობის დროს, ხანდახან ორ გვერდს წერდა, ხანდახან ოცს. 

“მე ვუსმენდი შინაგან ხმას და მყოფნიდა გამბედაობა იმისთვის, რომ მეკეთებინა ახალი რაღაცები. რაშია ჩემი ენერგის საიდუმლოება? უბრალოდ, მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს”.

როგორც მარტოხელა დედა, მისნაირ მდგომარეობაში მყოფ ქალებს ურჩევდა გადაენაწილებინათ პრიორიტეტები. “ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ პრიორიტეტულია სამსახურის შენარჩუნება, რათა გადასახადები გადაიხადოთ, მაგრამ სინამდვილეში უმჯობესია ბავშვს აგრძნობინოთ, რომ  გიყვართ”.

კითხვას, თუ რომელი დახასიათებაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაია ანჯელოუმ ასეთი   პასუხი გასცა: “ძალიან მომწონს, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ კეთილი ვარ. ეს ნიშნავს რომ მე ჯერ კიდევ ვსწავლობ და შემიძლია პატიება”
Maya Angelou

With the whole world crumbling, we pick this time to fall in love

 

აღდგომის მეორე დღეს დედასთან ერთად სოფლის საგვარეულო სასაფლაოს ვესტუმრე. უკვე საღამოვდებოდა,  ამიტომ მხოლოდ ჩვენ ვიყავით. დავუარე საფლავებს და ეპიტაფიების თვალიერება დავიწყე. 1895 წელს დაბადებული ადამიანი დამარხულა ამ სასაფლაოზე პირველად, ბოლო – 1992 წელს. დავდიოდი და ვასკვნიდი, ეს ამის ძმისშვილი ყოფილა, ეს – ცოლი, ეს – გაუთხოვარი მამიდა… ერთ საფლავზე წერია, რომ “შინმოუსვლელის საფლავია”. მამაჩემის ბებიას ქმარზე ნახევარი საუკუნით მეტი უცხოვრია. მაშინ, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რა ადრე მოკლა ომმა კაცები და რამდენჯერ მოუხდათ ქალებს იმის გადატანა, “რაც არ გვკლავს, მაგრამ გვაძლიერებს”.

ერთი ოქროს ბეჭედი მაქვს, ნეკა თითზეც რომ აღარ მეტევა, ისეთი. ბავშვობაში მითხრეს, რომ ეს იმ ვერა ბებიამ მაჩუქა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და როცა “ბატონები მიბრძანდებოდა” შავ კაბას იხდიდა, ფერად ტანსაცმელს იცმევდა და ჩონგურზე მიმღეროდა. ვერა და ისიდორე, როგორც ბევრი იმდროინდელი წყვილი, ომმა დააშორა. მათი სიყვარულის ისტორიას ჩემამდე არ მოუღწევია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ხუთი შვილი ჰყავდათ (მათ შორის, ჩემი მალი ბებია).

რამდენიმე წლის წინ, რუსულ ვებგვერდზე, რომელიც შინმოუსვლელ ჯარისკაცებს ეძღვნებოდა, წავაწყდი ცნობას დედაჩემის ბაბუის შინმოუსვლელად გამოცხადების შესახებ. და იქვე მისი მეუღლის ხელმოწერა. ბებიას შენახული აქვს გაზეთი, რომელშიც წერია მის ოჯახზე, სათაურით “გამრჯე ლუბას ოჯახი”. მისი ისტორიაც ჰგავს მისი თანამედროვე ქალების ისტორიას: ბრძოლა გადარჩენისთვის არახელსაყრელ პირობებში, ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.

რაისას აფხაზი დედა ჰყავდა, კვიწინიას ქალი, თვითონაც აფხაზობდა. როცა, ქართველი შეჰყვარებია, ბიძები თოფებით დასდევდნენ მოსაკლავად, თურმე. საბედნიეროდ, ამ  ამბავს “რომეო და ჯულიეტას” მსგავსი დასასრული არ ჰქონია. მახსოვს, როგორ აბანინებდა თავს არტემს რაია და როგორ ეშინოდა საპნის თვალში მოხვედრის. ცოლი ეხუმრებოდა: “ომის არ შეგეშინდა და საპნის როგორ გეშინია, ამხელა კაცს?!” ბებია აფხაზური წესის მიხედვით, ქმარს სახელს არ ეძახდა, მის პანაშვიდზე არ მოთქვამდა, მხოლოდ ზოგჯერ ამოიკვნესებდა შერქმეულ სახელს “მუთარე”.

ბაბუდას ახსოვს, რომ ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, დედას ხელში ეჭირა, მამამ ჩვეულებრივზე თბილად ჩაკოცნა და სთხოვა, ის წითელი ვაშლი მიეცა მისთვის, ხელში რომ ეჭირა. ბავშვს დაენანა და მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც უფროსმა ძმამ გაიმეტა თავისი ვაშლი. ამის შემდეგ, დიდი ხანი მამა არ უნახავს. ერთხელ, როცა მას “ბატონების”გამო მაღალი სიცხე ჰქონდა, ეზოში თმაგაშლილი ქალები შემოცვივდნენ,  ალე ზღვაში დამხრჩვალაო. მარიამმა ქალები ეზოდან გაყარა, თურმე: “ავადმყოფ ბავშვს ნუ დამიდარდიანებთო”. მერე ომი დამთავრდა, კიდევ ოთხი წელი გავიდა და ბაბუდამ დაინახა, როგორ ეხვეოდა ვიღაც ცისფერთვალება,მაღალი  “რუსის გენერალი” დედამისს და როგორ ულოცავდნენ მეზობლები ქმრის დაბრუნებას. მან მოკიდა ხელი უმცროს ძმას და ფეხით წავიდა მეზობელ სოფელში ბაბუის მოსაყვანად.

– ბაბუ, ბაბუ, დედა გათხოვდა!!!

– რა???

– ჰო, ვიღაც რუსის გენერალზე.

ბაბუამ “დროგით” წამოიყვანა შვილიშვილები, “ამ მათრახით სცემს იმ რუსის გენერალს” – სიხარულით ჩასჩურჩულა ბაბუდამ უმცროს ძმას, მაგრამ იმედები გაუცრუვდა, როცა ბაბუამ სიხარულით ჩაიკრა გულში “რუსის გენერალი”… ბაბუდასაც ამ “რუსის გენერალივით” ლამაზი, ცისფერი თვალები აქვს.

ალექსანდრე ომში ტყვედ ჩავარდნილა, საკუთარი საფლავიც გაუთხრევინებიათ… ერთი მუჭა მზესუმზირა ყოფილა  მთელი დღის საჭმელი. ომის დასრულების შემდეგ, საკუთარმა ქვეყანამ არ მიიღო. ოთხი წელი არკვიეს, ტყვეობაში მყოფმა რამე ხომ არ დაუშავა დიად საბჭოთა კავშირს და შემდეგ მისცეს შინ დაბრუნების უფლება. 30 წლის შემდეგ გარდაიცვალა, ომში მიყენებული ჭრილობების გამოისობით. მარიამმა მეორე ომიც გამოიარა, უკვე საკმაოდ მოხუცი იყო, რუსმა ჯარისკაცმა რომ დაუყვირა და აიძულა საკუთარი სახლიდან შორს ეცხოვრა ცხოვრების ბოლო წლებში.

თუ მარიამ ასათიანი ლეჩხუმელ დიდგვაროვნად მიიჩნევდა თავს, გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და ოთხ ენაზე (ქართული, მეგრული, რუსული, გერმანული) საუბრობდა, თამარ ცანავამ მხოლოდ მეგრული იცოდა. ერთხელ, როცა ყელში ამოუვიდა მარიამის არისტოკრატიზმი, პირდაპირ განუცხადა: “სი გიმნაზია გაფუ თებულ და  მა ანჭის დეპტატ ვორდ” (შენ თუ გიმნაზია გაქვს დამთავრებული, მე აბრეშუმის ჭიის მოყვანაში მაქვს მიღწევებიო). თამარა ოფიციალურ საბუთებში ერქვა, ყველა ვერას ეძახდა, შვილიშვილებმა “ფეფუშა” შეარქვეს. 15 წლის გათხოვილა… ქმრის სახლში რომ მიმიყვანეს, ეზოში საქანელა დავინახე და ლამის ცაში ავიჭერიო. ჩამომხსნეს იქიდანო. ტახტზე თოჯინები დავინახე, თამაში დავიწყეო. “შენ ახლა გათხოვილი ქალი ხარ, თამაში არ შეიძლება შენთვის, სირცხვილია” მითხრეს, მერე მულთან ერთად დავწექი და რომ გავიღვიძე, წვერ-ულვაშიანი კაცი მეწვა გვერდითო , – ასე უყვებოდა შვილიშვილებს შემდეგ. მეოთხე შვილი რომ ეყოლათ, ის საშინელი ომიც დაიწყო. დავითს ისე არ უნდოდა საომრად წასვლა, რომ ფეხზე ნაჯახი დაირტყა (ვიცი, ახლა რაც გაიფიქრეთ, დათიკო ბრიგადირი, დეზერტირი და ა. შ. მაგრამ შიში ძალიან ადამიანური გრძნობაა და მე მესმის მისი). მაინც წაიყვანეს. ვერამ გაიგო მისი ადგილსამყოფელი, უმცროსი ბიჭი ურემში ჩაისვა და ქმარს ჩააკითხა. ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ შვილიშვილებს ახსოვთ, როგორ ჩაიღიმებდა ტუჩის კუთხეში ფეფუშა, როცა ურემზე გატარებულ ღამეს იხსენებდა.

20140511_165426-1-1

სოფელში ქვრივად დარჩენილ ვერას კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ცოლად მოყვანა შესთავაზა, მაგრამ მან ამის ნაცვლად შვილებს მოკიდა ხელი, სახლი დაშალა და ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ერთ ბედობა ღამეს, შვილიშვილებმა მარილიანი კვერი აჭამეს და სარკეში ჩაახედეს. “შვილებს გეფიცებით, ჩემი ყაბალახიანი კაცი დავინახე” – ასე უთქვამს აჟიტირებული ახალგაზრდებისთვის.

რამდენიმე დღის წინ, სოციალიურ ქსელში ტესტი ვიპოვე: “Which Game of thrones woman are you”. გულწრფელად ვუპასუხე და დეინერის ტარგარიენი ხარო, გამომიცხადეს. ჰოდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ტახტს, როცა ყოველდღიური საზრუნავისგან დაღლილს შინ გელოდება ჩაი, საყვარელი მამაკაცი და ბავშვები.

 

 

ბაბუდა

სამი წლის ვიყავი, აფხაზეთი რომ დავკარგეთ. მანამდე, რომელიღაცა ზაფხულს, სოხუმში ერთმა ცისფერთვალება ქალმა ჩამიკრა გულში და მითხრა: ბაბუას და ვარო. ბაბუდა – გავიმეორე თურმე და მას შემდეგ ასე ვეძახით მე და ჩემი დები. როცა დავიბადე, ჩემზე ორჯერ დიდი თოჯინა ჩაუსვამს საბავშვო ეტლში და მოუყვანია ჩემთვის,

ბაბუდას ნელი ჰქვია, ულამაზესი ცისფერი თვალები აქვს და თავისი ცხოვრებით ოთარაანთ ქვრივს ჰგავს. სოხუმში სტადიონის სალაროსთან გაიცნო მომავალი მეუღლე, ბილეთებიც აყიდინა, ცოლადაც გაყვა და ჭელიძეების ალალ-მართალი გვარიც ამრავლა. მუშაობდა, ქმარ-შვილს უვლიდა და ულამაზეს ქალაქში ცხოვრობდა. მერე ქმარი გარდაიცვალა, რამდენიმე წელიწადში სოხუმი დაეცა. ბაბუდამ სოფელში მყოფ მოხუც დედას გაუარა და მძიმე გზის შემდეგ ზუგდიდში, ჩვენს სახლს შეაფარა თავი. მერე თბილისში წავიდა შვილებთან ერთად.

ვაკის სასაფლაოს პირდაპირ, “ტურბაზა ვაკეში” დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. სულ მუშაობდა, დილის ოთხ საათზე დელისიდან ბაგებამდე ფეხით მოდიოდა. შვილებიც გვერდში ედგნენ. უფროსი შვილი, მალხაზ ჭელიძე, სოხუმის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. მათ სახლში ყოველთვის სიხარული, სიყვარული და სიხალისე იგრძნობოდა. არ მახსოვს, ოჯახის რომელიმე წევრს იმ ბნელ ოთხმოცდაათიან წლებშიც კი ვინმესთან ეწუწუნოთ. ყოველ ზაფხულს, ბაბუდასთან მივდიოდით და სექტემბერში, თემებში ვწერდით, რა კარგი დრო გავატარეთ ვაკის პარკში.

16 წლის რომ ვიყავი, სკოლა დავამთავრე, თსუში ჩავაბარე და ბაბუდას მიმაბარეს. ოჰოჰო, როგორ გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ კვერცხის შეწვა რაა, ისიც კი არ ვიცოდი. ასე მითხრა: “ფსიქოლოგია ჩიტაშვილმა გასწავლოს და მე კულინარიას გასწავლიო”. ჩემზე ბედნიერი ცოტა მეგულებოდა ქვეყნად იმ მომენტში, როცა ბაბუდამ ჩათვალა, რომ უკვე დრო იყო ჩემი მზისფერი მჭადები სტუმრებსაც ეხილათ. ლექციები 9-ის ნახევარზე მეწყებოდა, 7-ზე მაღვიძებდა, რომ საუზმობა მომესწრო. სამშაბათობით და ხუთშაბათობით, ლექციები დღის მეორე ნახევარში მქონდა. აი, მაშინ უკვე ასწრებდა მეზობლის მაღაზიიდან გემრიელი, ცხელ-ცხელი ფუნთუშების მოტანას. ასე მაღვიძებდა ვანილის სურნელით.

მერე დაიბადა ნინიკო, ბებოს გოგო. დილით ადრე რომ დააჭყეტდა თვალებს, ბაბუდა გამოიყვანდა ოთახიდან, ჩასვამდა ეტლში და მუშტაიდში სეირნობდნენ დედ-მამის გაღვიძებამდე. ბებოს სიხარულმა ფეხი რომ აიდგა, ერთად ცეკვავდნენ “ვაკა-ვაკას”.

ნინი ორი წლის და რვა თვის იყო, მამამისი რომ გარდაიცვალა. ბაბუდას შვილი, რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტების საყვარელი ლექტორი, პროფესორი მალხაზ ჭელიძე, ჩემთვის და ჩემი დებისთვის კი უბრალოდ “მახო ბიძია” მოულოდნელად გარდაიცვალა. როდისმე დავწერ იმაზე, თუ როგორი კეთილი და ჭკვიანი ადამიანი დადიოდა ჩვენ შორის, რომელსაც ბავშვივით გული ჰქონდა და ყველა ახლობელ-ნაცნობისთვის დასაყრდენი იყო, ბაბუდა ისეთი მაგარი ქალია, რომ პანაშვიდის დღეებშიც კი პოულობდა ძალას, გასულიყო შვილიშვილის ოთახში და “მახოს დატოვებული ნერგისთვის” ზღაპარი წაეკითხა. ნახევარი წლის შემდეგ, ნინის დედაც “ზეცაში წავიდა”.

ნინუ აპრილში 6 წლის ხდება. ამბობს, რომ ისეთი მამიდა ჰყავს, რომელიც მისთვის დედაც არის, მამაც და მამიდუკაც. ჩემი ბაბუდა კი “ოთარაანთ ქვრივზე” მაგარი ქალია. ნინიკოს ასწავლა წერა-კითხვა, კეთილისა და ბოროტის გარჩევა, შაშის და კარტის თამაში. საათობით შემიძლია ვუყურო მათ ურთიერთობას.

“თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდინ ვივლიო.” – ბაბუდა ისეთი სამართლიანია, უცნობი ადამიანის გასაჭირსაც კი გულთან ახლოს მიიტანს და შეუძლებელსაც კი გააკეთებს მის დასახმარებლად. ამიტომ უყვარს ყველას, ნათესავებს, მეზობლებს, ბავშვებს და ჩვენ სამს, დებ საჯაიებს, რომლებიც ბაბუდას ვეძახით. არ გეგონოთ, რომ მუდამ ასეთი ტკბილია. გაბრაზებაც იცის. სიმართლის პირდაპირ თქმა უყვარს, მაგრამ გამოსავალსაც გირჩევს.

ბაბუდა არასდროს წუწუნებს, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით მისმენს, როცა ვუყვები, როგორ ვიღლები სამსახურში. თან რაღაცნაირი ღიმილი დასთამაშებს სახეზე, აი, დაახლოებით ისეთი, მე რომ მაქვს, როცა ნინუ ბაღის ამბებს მიყვება. მუდმივად რაღაცას აკეთებს. ნიგვზიანი აჯიკის რეცეპტი კარგა ხნის წინ გამიმხილა, მაგრამ მაინც არ გამომდის ისეთი, მისი ხელები რომ ამზადებენ.

ბაბუდა წარმატებული ქალია, ყველა სფეროში. ჰქონდა სამსახური, რომელიც მოსწონდა და კოლექტივი, რომელიც პატივს სცემდა, ჰყავდა მეუღლე, რომელიც ახლაც ისე უყვარს, როგორც ქორწილის დროს, მალხაზის, იას და რამაზის დედიკოა და ნინიკოს ბებიკო. მე მიყვარს ბაბუდა და ის ყოველთვის დარჩება ადამიანად, ვინც ცხოვრებაში წინ წასვლის მეტის მიღწევის და ბედნიერად ყოფნის სურვილს გამიჩენს.

პ.ს. “სახლში, სადაც სულ სიხარულია, კიდევ უფრო მეტი სიხარული იქნება” – ამბობს ბაბუდა.

Image

გაძლიერდი და შეცვალე

მშობლები, რომლებსაც გვერიდება და გვრცხვენია ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის უფლებების დაცვა და მათთვის ბრძოლა, თავად ვარღვევთ ჩვენი შვილის უფლებებს ჩვენი პასიურობით

study ends

თითქმის სერიოზული სტუდენტის ბლოგი

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

გორგილაძის ბლოგი

მოიცა, მომისმინე!

კაფკა პლაჟზე

There is only one way to survive here. And that is not to imagine anything.

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

lacmoes

ნახევრადსერიოზული ბლოგი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

ნოდარ აფხაძე

ჩემი ვირტუალური სეხნია

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.